2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპატიო წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით სრულყოფილი და ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტის შედგენა.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვრება „საპატიო ბათუმელის“, „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ და „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებები.
პროექტის თანახმად, „საპატიო ბათუმელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ბათუმში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში და საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე.
„ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ბათუმში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით და მოღვაწეობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე.
„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში.
პროექტის მიხედვით, „საპატიო ბათუმელის“ წოდება პირს მიენიჭება მხოლოდ „ბათუმობის“ დღესასწაულზე, „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება - პირის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ან სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხოლო „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება - წლის ნებისმიერ დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.
საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები, ასევე, საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხები.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული დადგენილების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება აქამდე არსებული, „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბათუმის საკრებულოს მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს მიღებული N31 დადგენილება.