2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძეთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება მიულოცა და მეგა-პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა: „დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული პროექტის დაწყების. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ ბათუმში შენდება. დღეს აქ შესრულდა ქართული ცეკვა „ხორუმი“, და ზუსტად „ხორუმში“ იგრძნობა ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი წარმატება და ჩვენი გუნდურობა. და როცა ვსაუბრობთ ახალ სტადიონზე, თქვენ ხედავთ პროექტს, რომლის გარე ფასადშიც სწორედ „ხორუმის“ ელემენტებია ჩართული. ბათუმის სტადიონი იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის და გამრჯვების სიმბოლო“. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფეხბურთის და სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის წინსვლას რეგიონში: „ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ“.
მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
ბათუმში UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ააშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება, მშენებლობის პროცესში კი 500 ადამიანი დასაქმდება.