2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობის ეფექტურობაზე, ასევე, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე ისაუბრეს.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თავის როლსა და ფუნქციას ხედავს მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერებაში. მოქალაქეები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესებში, ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებაში, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების წამოწევაში. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ამ მიმართულებით მუშობას გააგრძელებს, თუმცა საბჭოსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ღიაობის და გამჭირვალობის კომპონენტი“, - განაცხადა შეხვედრაზე სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ თეონა დიასამიძემ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო ყოველთვის მიესალმება ისეთ ინიციატივებს და წინადადებებს, რომელიც მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მათი საჭიროებების ჩვენამდე მოტანას, რათა მომავალში მოხდეს მათი გათვალისწინება.
შეხვედრა, რომელსაც დღეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა ნაწილი და საკრებულოს როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა.
მრჩეველთა საბჭო 2013 წელს შეიქმნა და იგი საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოა. საბჭო შექმნილია მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისა და თვითმმართველობის გამჭირვალობის მიზნით. 19-წევრიანი საბჭოს შემადგენლობა დაკომპლეტებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედია-სექტორის, ბიზნეს-სექტორისა და საზოგადოებრივი დარბაზების წარმომადგენლებისაგან. მეწარმე, არასამთავრობო და მასმედიის საშუალებების წარმომადგენლებს ასახელებს უშუალოდ შესაბამის სექტორი და წარუდგენს საკრებულოს. საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით და წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი.