2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, გერმანული კომპანია „A+S Consult“-ის სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვისა და ტრანსპორტის მოდელირების წარმომადგენლებმა „ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ბათუმსა და აჭარის რეგიონში“ პრეზენტაცია გამართეს, რომლის მიზანიც ბათუმსა და მთლიანად რეგიონში ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემებისა და მობილობის გეგმების განვითარების ხელშეწყობაა.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრას წინ უსწრებდა ინდივიდუალური კონსულტაციები: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რეგიონულ სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და ამ დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებთან. კონსულტაციების შედეგად კი გამოიკვეთა ის გამოწვევები და პრობლემები რომლებიც ქალაქს გააჩნია ამ სფეროში.
შეხვედრისას მხარეებმა ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ტრანსპორტის გამტარუნარიანობის კუთხით ქალაქში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ სტუმრებს გააცნო ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების შემაფერხებელი ძირითადი მიზეზები და აღნიშნა, რომ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, იგი საჭიროებს კომპლექსურ ჭრილში განხილვას.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინასებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან სქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი.