ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
06 ივლისი 2016
 

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები და დამატებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ 2009 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში, ძირითადად, გზებისა და ქუჩების საინჟინრო ნაწილში. აღნიშნული ცვლილება განაპირობა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების დაგეგმარების განახლების საჭიროებამ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის ინტერესი ქალაქის ქუჩებისა და გზების პერსპექტიული დაგეგმარებისა და განვითარების თვალსაზრისით.
საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ფუნქციური ზონებისთვის ახალი კოეფიციენტების დადგენას, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე იმ საინვესტიციო პროექტების განხილვისას, რომლებიც ქალაქ ბათუმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს საარჩევნო-სააგიტაციო მასალისა და საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობების გამოყოფის თაობაზე და მხარი დაუჭირეს ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტებს.
დეპუტატებმა მოიწონეს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი სარეკომენდაციო ხასიათის ინიციატივები: წინადადება სამშენებლო რეგულაციების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე; წინადადება მეტაქსას ქ.N8-10-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის საბავშვო ბაღის მოწყობის ან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ვალდებულებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის თაობაზე; წინადადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოლიმპიური სტანდარტების მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ცვლილება გახორციელდა მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობაში. აღნიშნული კომისიის წევრს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს დავით იაკობაძეს ამავე განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გურამ თურმანიძე ჩაენაცვლა. ამასთანავე, ვინაიდან „საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილების მიხედვით, მიწის საკუთრების აღიარების კომისია გადადის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში, წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული კომისია გაუქმდა.
ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტშიც, რომლის მიხედვითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში ვაჟა ფშაველას ქ.N5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ალექსანდრე (საშა) ჯიჯეიშვილის, გორგილაძის ქ.N63-ში მდებარე სახლზე - იაშა (იაკობ) ხალვაშის, რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე სახლზე - ანატოლი კაჭარავას მემორიალური დაფები განთავსდება.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6202
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები