ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
25 დეკემბერი 2015
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა წარადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტი 141 462 200  ლარით განისაზღვრა. ქალაქის მერმა დაასახელა ის პრიორიტეტები, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა: ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე 75 157 700 ლარი დაიხარჯება; განათლებაზე - 14 271 500 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 16 198 200 ლარით დაფინანსდება; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 10 997 000 ლარით; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 40 ათასი ლარით.
სხდომაზე გამართული მსჯელობის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ქალაქის მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლებიც სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება 183 600 ლარის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს მოხმარდება.  როგორც არჩილ ვანაძემ განმარტა, 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მიმდინარე პერიოდში ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისა და წლის ბოლომდე მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით ხორციელდება. აღნიშნულ ცვლილებებს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ცვლილებები შევიდა ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელ ნორმებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკითხების მოწესრიგების მიზნით.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის შესახებ დადგენილების პროექტს. დადგენილი წესი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული ამომრჩევლის უფლებას შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო განხილვას, დასვას შეკითხვები, გამოთქვას შენიშვნები და წინადადებები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე 77569,00 კვ.მ არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან 67,20 კვ.მ ფართი 2 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცეს აჭარის არ-ის მშვილდოსნობის ფედერაციას, ვარჯიშისა და ასპარეზობების გამართვისთვის.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, გრიშაშვილის ქ. N 17-ში არსებული 865,2 კვ.მ ფართიდან 522,1 ფართი შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
დეპუტატებმა თანხმობა მისცეს ქალაქის მერს 2011 წლის 24 მარტის  შეთანხმებაში „მხარეთა სამმხრივი შეთანხმება მორიგების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 23 ივნისის 36-ე განკარგულებაში, საპრივატიზებო ქონების საკუთრებაში განკარგვის მიზნით.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცა ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარედ არსებული 3 508 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6409
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები