2025 წლის 22 ოქტომბერს ს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის N24 დადგენილებაში. განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებით შპს „თაუერ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ 8526,0 მ/კვ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბ კორპუსის ორი დამატებითი სართულის მოწყობა, რაც იწვევს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდას. სხვა გაბარიტული ან ქალაქთმშენებლობითი ცვლილება გათვალისწინებული არ არის;
ცვლილება შევიდა ბათუმში, ანგისის ქ. N4-ში, ანგისის I ჩიხი N2, N4, N4ა, N4ბ-ში, ანგისის ქ.N2-სა და კობალაძის ქ. N18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალურ გეგმაშიც. აღნიშნული ცვლილებით, შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის“ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში გასწორდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, სიტყვა ,,მრავალფუნქციური“ ჩანაცვლდა ,,მრავალბინიანით“, რაც რეალურად აღწერილია ყველგან დეტალურ გეგმაში;
საკრებულომ, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. განკარგულება ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, შპს „ალ-ტაას დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიაზე (ანგისა), დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, საკრებულომ ასევე დაამტკიცა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. განკარგულება ითვალისწინებს ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N56–ში მდებარე 818.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N35-ში, 1887.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სპორტული მოედანი.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილ;ებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გოგებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ არსებული 1584,0 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში სახელმწიფოსა და შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის მიზნით.