ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
29 სექტემბერი 2023
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესში. ცვლილების შესაბამისად, ელექტრონული პლატფორმის გამოყენების, სისტემის მომხმარებლების პერსონალური მონაცემის დამუშავების წესებს და პირობებს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მის სისტემაში შემავალი ორგანიზაცია) უფლებამოსილი ხდება განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები. მიღებული გადაწყვეტილებით, სააგენტოს მონაცემთა ბაზის გამოყენება გათვალისწინებული იქნება ნორმატიული აქტით, გამარტივდება მომხმარებელთა რეგისტრაციის პროცესი პერსონალურ მონაცემთა გამოყენებაზე თანხმობის გაცხადების ნაწილში.
საკრებულომ თანხმობა მისცა ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას უსასყიდლოდ გაახორციელოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მდებარე N36-ე საბავშვო ბაღში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ აღსაზრდელთა საგამონაკლისო წესით ჩარიცხვა დადგენილი ზედა კვოტირების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად და უზრუნველყოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიწოდება.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 15 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარით), 5 წლის ვადით შპს „საქართველოს ფოსტისათვის“ გადაცემის თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაახორციელებს 2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით 5 წლის ვადით მის სარგებლობაში არსებული 18 ერთეული მიწის ნაკვეთის 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდის სარგებლობის (იჯარის) საფასურის დაფარვას (გადახდას). განკარგულებით განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების წლიური სარგებლობის (იჯარის) საფასური განისაზღვრა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის N15 დადგენილბაში. დადგენილების მიხედვით ხორციელდება კანონონმდებლობის შესაბამისად დაკონკრეტება თუ რა მიიჩნევა ავარიულ სახლად ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობად. ასევე, ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური, პროცედურული და სხვა საკითხების დაკონკრეტება, რისი მიღების საჭიროებაც გამოიკვეთა დადგენილების მიღების შემდგომი პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში. გამომდინარე იქედან, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში შპს ,,ინვესტ ჯგუფს’’ პირობის სახით განესაზღვრა საპროექტო მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გზის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში გადაცემა, აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ საინჟინრო და საპროექტო გზების ნაწილს, კერძოდ, კონკრეტულ საკადასტრო მიწებს შორის მოქცეულ მერიის მიერ დასაგეგმარებელ საპროექტო გზას, არსებულ ქუჩას და გადმოსაცემ გზას შორის დარჩენილ გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთს, რომელიც ამ დადგენილებით მოექცევა გზის გაფართოების პროექტში.
საკრებულომ დაამტკიცა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. კერძოდ, ქალაქ ბათუმში, ადლიას ქ. N53-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კN N05.32.21.057 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის მიზნით წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი გაიზრდა 2,5- მდე.
საკრებულომ განკარგულებით დაამტკიცა კანონით განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. კერძოდ, პროექტის განხორციელებით შპს ,,დრიმ ლაინის’’ მიერ მოხდება ქალაქ ბათუმში, იმერხევის ქ.N4-ში (ს/კ N 05.35.25.041) მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ათვისება და ამ სახლში მაცხოვრებელი ადამიანების დაკმაყოფილება, ამასთანავე, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა N#-133- 135-137-139-141-143 და მიმდებარე ტერიტორიაზე ს/კ 05,32,28,205 05,32,08,105 05,32,08,123 05,32,28,204 05,32,08,205 05,32,08,206 05,32,08,237 22,05,05,300 05,32,28,338 05,32,28,661 05,32,08,668 05,32,08,669 05,32,08,670 05,32,28,682 05,32,08,828 05,32,08,973 05,32,08,998), საერთო ფართით 10136.00 კვ.მ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, არსებული ქალაქმშენებლობთი პირობებიდან გამომდინარე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გაიზრდება 17,0- მდე. აღნიშნულის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის აღების პარალელურად საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება სოციალური მიზნით, ავარიული ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
საკრებულომ განკარგულებით დაამტკიცა კანონით განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. კერძოდ, შპს ,,მაი თაუერი’’ (ს/N447862590) ქ. ბათუმში, ივანე მესხის ქ. N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N05.32.10.346 გაახორციელებს ავარიული სახლის დემონტაჟს და დააკმაყოფილებს მესაკუთრეებს, სანაცვლოდ კი ქალაქ ბათუმში, დასახლება ანგისაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე N 05.32.13.427; 05.32.13.427; 05.32.13.101; 05.32 .13.374, 05.32.13.033, N05.32.13.014; 05.32.13.332 ხელშემწყობი ღონისძიების სახით მოხდება განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი გაზრდა 15,0-მდე. აღნიშნულის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის აღების პარალელურად საკუთრებაში გადაეცემა შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით, რომელიც გამოყენებულ იქნება სოციალური მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს შორის არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდა და მას შინდისის გმირების სახელი მიენიჭა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1319
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები