ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
19 მაისი 2023
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - ფაზა V-ის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. აღნიშნული განკარგულება ითვალისწინებს კომუნალური ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის და წყალარინების სისტემების მოწყობასა და გამართულად ფუნქციონირებას ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. კერძოდ: ფაზა V–ის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალანირების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალანირება, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმარდობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის გამართვა. სესხის ოდენობა შეადგენს 53 მლ. ევროს, ასევე გამოყოფილია 2 მლ. ევროს გრანტი თანმდევი ღონისძიებებისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დამატებით გაიღებს 25 მლნ. ევროს ხარჯებს. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია აჭარის რეგიონში, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციისთვის“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. განკარგულების თანახმად, სპორტულ- გამაჯანსაღებელი მიმართულების, ფეხბურთის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაციას“ სიმბოლურ ფასად, 10 წლის ვადით სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, ურეხში მდებარე 8675,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სპორტული მოედანი) და მასზე განთავსებული 68,20 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი #05.31.05.318) და მომიჯნავედ მდებარე 140,0 კვმ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 68,68 კვმ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი #05.31.05.098). გამომდინარე იქედან, რომ მოედნის და შენობის მოწესრიგება/მოწყობა დაკავშირებულია ა(ა)იპ „აჭარის ფეხბურთის ფედერაცის“ მიერ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევასთან, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა სიმბოლური 500,0 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში. ცვლილებით განისაზღვრა, კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი.
საკრებულომ ქალაქ ბათუმში, N05.26.01.117 მდებარე მიწაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი განთავსდება, ხოლო მუნიციპალიტეტს, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, ინვესტორი კომპანია შპს „ჯი.არ.აი“გადასცემს განაშენიანების ინტენსივობის გაზრდილ და დადგენილ კოეფიციენტებს შორის სხვაობით მიღებული საცხოვრებელი ფართის 10%–ს, საცხოვრებელი ბინის სახით. გადასაცემი ფართი დაზუსტდება ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შედეგად.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ შპს ,,უნივერსამის’’ (ს/კ445614041) წინადადებას, რომლის მიხედვითაც მოხდება ქალაქ ბათუმში მელიქიშვილის ქ. N42-ში მდებარე N05.27.14.003 „ბარაკული ტიპის“ ავარიული (დადასტურებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ათვისება და ამავე სახლში მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინებით. სანაცვლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მშენებლობის ნებართვის აღების პარალელურად, საკუთრებაში გადაეცემა შენობა–ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
დღესვე საკრებულომ ტექნიკური ხასიათის ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1632
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები