2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული პანორამული ბორბალი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი.
საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" ავარიული სახლების თაობაზე გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნული გამოსაცხადებელი ტენდერის საერთო ღირებულება აღემატებოდა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს, მუნიციპალიტეტის მერიას კანონმდებლობით ჰქონდა ვალდებულება საკრებულოსგან აღნიშნულ საკითხზე თანხმობა მიეღო.
საკრებულომ, ასევე, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს შპს ,,წყალბურთის კლუბი ბათუმის“ ლიკვიდაციათან დაკავშირებით შემდგომში მისი ფუნქცია–მოვალეობების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის“ გადაცემის მიზნით.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ლამარა ბოლქვაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქ. №6-ში მდებარე შენობაზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხს, ასევე, ძალადაკარგულად გამოაცხადა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის Nგ-15.15221505 განკარგულება.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას არ დასწრებიან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათ სხდომათა დარბაზი განცხადებების ბლოკის დასრულებისას დატოვეს.
მორიგ სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.