2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ იმსჯელა მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ასიგნებებში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
საერთო ჯამში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 10,980,9 ათასი ლარით, ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელები – 38,252.7 ათასი ლარით.
სხდომაზე განიხილეს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი, ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი, რაც შესაძლებელს ხდის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით, რითაც დაკმაყოფილებული იქნება მასში მცხოვრები მოსახლეობა. წესის შესაბამისად ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს მხოლოდ ის ამხანაგობები, რომელთა წევრების 100 პროცენტი განაცხადებს თანხმობას პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით კი, არ იქნება სავალდებულო 100 პროცენტიანი თანხმობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახები განკარგულების ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი არიან ბინის ქირის კომპენსაციით, ასევე ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით გაყვანილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს ოჯახები შესაძლებელია დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალური საბინაო ფონდიდან (მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინო ფონდის რესურსის ფარგლებში), თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უძრავი ქონების მონაცვლეობის თაობაზე. წარმოდგენილი სახით განკარგულების მიღების მიზანია მუნიციპალური საბინაო ფონდის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა (ბინების გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ბინის ქირის კომპენსაციის გაცემა).
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.