2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ასიგნებებში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ცვლილებები შედის:
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის პროგრამაში, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებებში, გარე განათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, კვლევის და ექსპერტიზის, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის და სხვა პროგრამებში.
საერთო ჯამში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 10,980,9 ათასი ლარით, ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელები – 38,252.7 ათასი ლარით.
კომისიის სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცებას.
ცნობილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებით, დაამტკიცა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი, რაც შესაძლებელს ხდის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით, რითაც დაკმაყოფილებული იქნება მასში მცხოვრები მოსახლეობა. წესის შესაბამისად ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს მხოლოდ ის ამხანაგობები, რომელთა წევრების 100 პროცენტი განაცხადებს თანხმობას პროგრამაში ჩართვის თაობაზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით კი, არ იქნება სავალდებულო 100 პროცენტიანი თანხმობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახები განკარგულების ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი არიან ბინის ქირის კომპენსაციით, ასევე ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით გაყვანილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით მუნიციპალიტეტის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს ოჯახები შესაძლებელია დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალური საბინაო ფონდიდან (მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინო ფონდის რესურსის ფარგლებში), თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უძრავი ქონების მონაცვლეობის თაობაზე. წარმოდგენილი სახით განკარგულების მიღების მიზანია მუნიციპალური საბინაო ფონდის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა (ბინების გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ბინის ქირის კომპენსაციის გაცემა).
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.