ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ ,,ავარიული სახლების" ჩანაცვლების წესი დაამტკიცა
17 ივნისი 2022
 

საკრებულომ, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 59-ე მუხლის შესაბამისად, დაამტკიცა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი.
განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესით განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის საფუძველი, მიზანი და რეგულირების სფერო, ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობები, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია, განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები, ავარიული სახლების ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირებისათვის ბინის ქირის კომპენსაციის გაცემის საფუძვლები და ზღვრული ოდენობები, ასევე სხვა საჭირო საკითხები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემურ და გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, მათ შორის ისეთი ავარიული საცხოვრებელი სახლებისა, რომლებიც არ ექვემდებარება გამაგრებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, დღეის მდგომარეობით, მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საესპერტო დასკვნა, რომლებიც წარმოადგენს საფრთხის შემცველ საცხოვრისს და რომლებშიც ცხოვრობს დაახლოებით 3000 ოჯახი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო და შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავებული იქნა ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამა.
გარდა ზემოაღნიშნული პროგრამისა, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 29 მარტის N159 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავდებობას საფინანსო ორგანიზაციებთან ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად.
ვინაიდან მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება მხოლოდ ზემოაღნიშნული პროგრამების გამოყენებით, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკითხის გადაწყვეტა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მათ შორის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობით.
იმისათვის, რომ არსებული ავარიული სახლების ადგილზე აშენდეს ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლები, საჭირო გახდა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცება, რაც შესაძლებელს ხდის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით, რითაც დაკმაყოფილებული იქნება მასში მცხოვრები მოსახლეობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2081
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები