ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პეტიცია
30 ივნისი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 21 ივნისს, ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა: ნინო ლომაიამ, ლევან ხუჯაძემ და აზა გაბუნიამ, საკრებულოს ვებ-გვერდის http://petition.lsg.ge/batumi/petitions/view/14  მეშვეობით, დასარეგისტრირებლად ელექტრონული პეტიცია - „მწვანე უბნები ბათუმს“ - წარმოადგინეს. აღნიშნული პეტიცია წარმოდგენილია საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.
პეტიციით განსაზღვრულია ქალაქ ბათუმში რეკრეაციული სივრცეების სახელდებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების საკითხი, რაც გულისხმობს 93 სივრცისთვის - სკვერის სტატუსის მინიჭებას, 7 სივრცისთვის - პარკის სტატუსის მინიჭებას, 6 სივრცისთვის - ხეივნის სტატუსის მინიჭებას.
ამ ეტაპზე პეტიციაზე ხელი მოწერილი აქვს 419 მოქალაქეს. სულ საჭიროა 708 ხელწერა.
ხელმოწერების დასრულების შემდეგ საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ წარმოდგენილ პეტიციას და 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების კანონით დადგენილ ნამდვილობას. ხარვეზის შემთხვევაში, ინიციატორს ეძლევა ორდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რის შემდეგ კვლავ მოწმდება ხელმოწერის ნამდვილობა. საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შემთხვევაში, პეტიციას აქვს იურიდიული ძალა და ხდება რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე.
საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან, აღნიშნული პეტიცია, უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.
მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.
აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ საკითხს განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რასთან დაკავშირებითაც კომისია ღებულობს დასკვნას. საკითხი საკრებულოს ბიუროს გავლით შედის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში, რის შემდეგაც იგი განიხილება საკრებულოს სხდომაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხი გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიას ან სამუშაო ჯგუფს, კომისია განიხილავს საკითხს და მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა). პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;
ბ). პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;
გ). პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
აღნიშნული პროცედურის და ბიუროს გავლით, ხდება საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული პეტიციის დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმომწერთა (ამომრჩეველთა) ერთპროცენტიანი ბარიერი ბათუმის საკრებულომ 2019 წელს 0,5 პროცენტამდე შეამცირა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2475
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები