2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
სხდომაზე კორექტირებული ბიუჯეტის პარამეტრები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და ჯამში 204 800 200 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის კორექტირებისას მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული სოციალური პასუხისმგებლობა და ამავე დროს, კვლავ პრიორიტეტული დარჩა ინფრასტრუქტურის განვითარება.
გაზრდილი ბიუჯეტი ბათუმელებისათვის ნიშნავს:
ქალაქის სწრაფ განვითარებას;
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მეტი პროექტის განხორციელებას;
ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებას;
მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას;
სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
ბიუჯეტის შემოსავლების მატების შედეგად გაიზარდა:
სათამაშო მოსაკრებელი 5 მილიონ 410 ათასი ლარით;
ტრანსფერი 29 მილიონ 958 ათას 300 ლარით;
საპრივატიზაციო ობიექტებიდან დამატებითი შემოსავალები 8 მილიონ 100 ათასი ლარით.
პროგრამულ ჭრილში ბიუჯეტი გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით:
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 628 ათას 200 ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება - 36 მილიონ 412 ათას 700 ლარი;
ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 3 მილიონ 331 ათას 700 ლარი;
განათლება და კულტურა - 1 მილიონ 949 ათასი ლარი;
სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 3 მილიონ 630 ათას 300 ლარი;
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება - 2 მილიონ 500 ათასი ლარი. დაგეგმილია 40 ერთეული ავტობუსის შეძენა.
ჯანმრთელობის დაცვა:
39 ათას 500 ლარით გაიზარდა 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, გალაქტოზემიითა და მუკოვისციდოზით დაავადებულ პირთა და 18 წლის ასაკის ზემოთ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა მატერიალური დახმარების ოდენობა;
20 ათასი ლარი დაემატა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამას;
მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობის საფუძველზე, 211 ათას 900 ლარით გაიზარდა ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის პროგრამის ბიუჯეტი. პროგრამაში დამატებით 200 ბენეფიციარი ჩაერთვება;
164 ათას 500 ლარით გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი. დაემატა 20 გაკვეთილი და 10 ბენეფიციარი;
70 ათასი ლარი დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ძვლის ტვინის გადანერგვის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ბიუჯეტს;
162 ათას 700 ლარით გაიზარდა მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარება.
სოციალური უზრუნველყოფა:
ჯავახიშვილის #82-ში მდებარე სოციალური სახლების მშენებლობის დაფინანსებას 1 მილიონი ლარი დაემატა;
ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვის 250 ათასი ლარი გამოიყო;
ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობისთვის 250 ათასი ლარი გამოიყო;
254 ათასი ლარით გაიზარდა მუნიციპალური სასადილოების დაფინანსება. დაემატება 1480 ბენეფიციარი.
განათლება-კულტურა:
ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, რისთვისაც 1 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო;
სრულდება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;
მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით 450 ათასი ლარი გამოიყო;
735 ათასი ლარი დაიხარჯება მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა;
კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდება 26 მაისის ქ. #19-ში, რისთვისაც 184 ათასი ლარი გამოიყო;
დამატებით, კიდევ ერთი კულტურული ძეგლი რეაბილიტირდება აბაშიძის ქ. #6-ში;
საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის ფარგლებში, ფესტივალების დაფინანსება 55 ათასი ლარით გაიზარდა;
კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის დამატებით 50 ათასი ლარი გამოიყო;
ფესტივალს ,,ბათუმი ღია ცის ქვეშ" 250 ათასი ლარი დაემატა.
მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია:
500 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული მოედნების მშენებლობის დაფინანსება. ჯამში, წელს, 26 სპორტული მოედანი რეაბილიტირდება;
950 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული ტრენაჟორების შეძენა-განახლების ღონისძიებები. სპორტული ინვენტარი 45 მისამართზე განთავსდება;
სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების განხორციელებისთვის დაფინანსება გაიზარდა 73 ათას 300 ლარით;
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაფინანსება გაიზარდა ქართული ჭიდაობისა და კალათბურთის მოედნების მშენებლობისათვის.
რეკრეაციული სივრცეების მოწყობა:
1 მილიონი 630 ათასი ლარი დაიხარჯება 7 ახალი სკვერის მშენებლობისთვის;
ამჟამად 12 ახალი სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს;
გონიოს სანაპირო ზოლსა და სხვადასხვა სარეაკრეაციო სივრცეებში სპეციალური ინვენტარის განსათავსებლად 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება;
წელს ბათუმში ერთი მილიონი ყვავილისა და 300-მდე ხე-მცენარის დარგვა მიმდინარეობს. 200 ათასი ლარით იზრდება დაფინანსება და დამატებით 670 ხე-მცენარე იქნება შესყიდული.
ინფრასტრუქტურის განვითარება:
4 მილიონი ლარი გამოიყო წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის, რომელიც სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში (ოცნების ქალაქში) განხორციელდება;
1 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარით გაიზარდა დაფინანსება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, რომელიც მოიცავს ფერდსამაგრი კედლების, გზისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას.
სამუშაოები დამატებით 40-ზე მეტ მისამართზე განხორციელდება;
ბეტონის საფარის მოწყობის დაფინანსება იზრდება 1 მილიონ ლარამდე, რომელიც 38 მისამართის რეაბილიტაციას მოხმარდება;
სანიაღვრე სისტემების კაპიტალური რეაბილიტაციისთვის 939 ათასი ლარი გამოიყო;
სანიაღვრე სისტემის მასშტაბური ღონისძიებები გატარდება თამარ მეფის გამზირის #47-ში, რისთვისაც 150 ათასი ლარი დაიხარჯება;
სანიაღვრე სასტემები მოეწყობა გოგოლიშვილის ქუჩაზე, რისთვისაც 200 ათასი ლარი გამოიყო;
ბაქრაძის ქუჩაზე დამცავი კედლის მოწყობის ბიუჯეტი 850 ათას 941 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსება გაიზარდა 9 მილიონ 150 ათასი ლარით და შეადგენს 43 მილიონ ლარზე მეტს: სულაბერიძის ქუჩის მონაკვეთის, ბაგრატიონის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მიმართულებით, II ეტაპის (გიორგი სააკაძის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე) კეთილმოწყობის სამუშაოები 3 მილიონ 733 ათას 390 ლარით იზრდება;
950 ათასი ლარი გამოიყო აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულის მოსაწყობად და კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის;
ლორთქიფანიძის ქუჩის კეთილმოწყობისათვის 800 ათასი ლარი გამოიყო;
მ. ვარშანიძის ქუჩის მონაკვეთის (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) რეაბილიტაციისთვის 1 მილიონამდე ლარი გამოიყო;
აფსაროსის III შესახვევის გაგრძელების რეაბილიტაციისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო;
ანდრია პირველწოდებულის II შესახვევის გაგრძელების კეთილმოწყობისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება;
ჩაქვის ქუჩის კეთილმოწყობა 237 ათას 888 ლარს შეადგენს;
ფრიდონ ხალვაშის IV ჩიხის კეთილმოწყობისათვის 126 ათას 800 ლარი გამოიყო;
ასფალტირებული ქუჩების ორმული შეკეთების დაფინანსება გაიზარდა 500 ათასი ლარით;
არასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის 159 ათას 200 ლარი გამოიყო;
გარეგანათების ქსელის განვითრების დაფინანსება 2 მილიონ 120 ათასი ლარით გაიზარდა;
თამარის დასახლებაში სანაპიროს გასწვრივ დეკორატიული განათების რეაბილიტაციისთის 550 ათასი ლარი გამოიყო;
ევროპის მოედანზე მედეას ძეგლის რეაბილიტაციისთვის 592 ათას 333 ლარი გამოიყო;
კომუნალური ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებისათვის 3 მილიონ 901 ათასი ლარი გამოიყო:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება 7 მილიონამდე ლარით გაიზარდა.
განხორციელდება:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია;
მრავალბინიან სახლებში არსებული ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება;
ეზოების რეაბილიტაცია;
ატრაქციონების რეაბილიტაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
ამხანაგობების თანამონაწილეობის წილი შემცირდა 1 %-მდე.
საკრებულოს უმრავლესობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტს, წარმოდგენილი ცვლილებებით, მხარი დაუჭირა.
საკრებულომ დღესვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის განახლებული პერსონალური შემადგენლობები დაამტკიცა.