ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
28 მაისი 2021
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი განკარგულებით, საცხოვრებელი ბინები გადაეცემოდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავდათ 7 (შვიდი) და მეტი შვილი, ახალი ცვლილების შედეგად საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 6 (ექვსი) და მეტი შვილი. პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 (ერთი) ან 2 (ორი) საცხოვრებელი ბინით საერთო ფართით 100 კვმ-დან 130 კვმ-მდე. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 24 წელს. ოჯახს ბინა/ბინები გადაეცემა ოჯახის თითოეული წევრის თანასაკუთრებაში (მშობლები და შვილები), ბინის/ბინების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს გარემონტებულ მდგომარეობაში ან გარემონტების მიზნით ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის მერიის მიერ ერთჯერადად შესაძლებელია გამოიყოს თანხა - 1 კვ. მ -ზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; პროგრამით ისარგებლებენ ის მრავალშვილიან ოჯახები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
აღნიშნულ განკარგულებაში ცვლილების შეტანით შესაძლებელი ხდება 6-შვილიან ოჯახებზე საცხოვრებელი ბინების განაწილება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რაზედაც ასევე იმსჯელეს კომისიის წევრებმა და მხარი დაუჭირეს შესაბამისი განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომზე განხილვას, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება და საკუთრებაში გადაეცემა 16 ოჯახს.
სხდომაზე ასევე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის საკითხი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შემუშავებული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამა - „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება“, რომლის მიხედვით მუნიციპალურ ტრანსპორტზე მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უფასო ტარიფით ისარგებლებს დადგენილების პროექტით განსაზღვრული ყველა ბენეფიცარი (სულ 31771 პირი), კერძოდ: ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, შშმ სტატუსის ბავშვები, მოსწავლეები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სკოლების მანდატურები (რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება 625 ლარს თვეში), სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, პროფესიული კოლეჯი "Black sea" თანამშრომლები (რომელთა ხელფასი არ აღემატება 625 ლარს), მარტოხელა მშობლები და ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები.
ჯანდაცვის კომისიის სხდომას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომა ორშაბათს, 31 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1932
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები