ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 მარტი 2021
 

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოც საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 1 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული სახის ცვლილება განპირობებული იყო მსოფლიო პანდემიით (COVID-19)-ით, როგორც ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პირობებში გამოცხადებული ლოქდაუნის დროს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებს შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება, რამაც მათ საქმიანობაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა და განიცადეს გარკვეული სახის ფინანსური ზარალი, გამომდინარე აქედან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე ეტაპზე დაუწესდეთ ნებართვის ფასის გადახდის სიმბოლური თანხა ერთი ლარის ოდენობით.

საკრებულომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ,,საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა'' ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულების დამტკიცებას, რომელიც მოიცავს ფესტივალის, განაცხადის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს, ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს, რეკომენდაციებს ღონისძიების დაგეგმვის შესახებ, საკვალიფიკაციო შეფასების განმარტებებს და ხელშეკრულების პროექტს.

სხდომაზე განსაზღვრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, ასევე, დაამტკიცეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებულ ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში.

დღესვე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში, ფიროსმანის ქ. N25-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1180,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.24.08.170) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, მისი შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის მიზნით.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ნ.შაშიკაშვილის N74-ში მდებარე 1819,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.32.23.005), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით. საუბარია ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 4,0 კვ.მ. ფართის ორ (სულ 8 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც (ს.კ. №05.21.21.032 და ს.კ. №05.21.21.033) პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაეცა შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“განათების ბოძების მოსაწყობად. მითითებული უძრავი ქონებების სარგებლობის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით, ხოლო უძრავი ქონებების წლიური სარგებლობის საფასური - 2000 (ორი ათასი) ლარით.

სხდომაზე დაამტკიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ განკარგულება.

საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი განიხილა. ახალი დადგენილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცისთვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა, რომლის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის განვითარების ინტერესები, მოსახლეობის სიმჭიდროვე, სატრანსპორტო ნაკადი, საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის წესები, ეკოლოგიური მდგომარეობა, საზოგადოების სხვა ინტერესები. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს არა უმეტეს ორი წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. დადგენილება 2021 წლის 01 მაისიდან ამოქმედდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში (თამარის დასახლება), ი. გრიშაშვილის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდა და მას კონსტიტუციის სახელი მიენიჭა. საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე საკითხი მხარდაჭერილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის მიერ.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში არსებული მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული გადავიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებაში.

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გალაქტიონ ტაბიძის ქ. №13ა-ს მიმდებარედ არსებული 42.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს ომარ ქამადაძეს (პ/№61001032579) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობაში კომერციულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით. აღნიშნული ნაკვეთი ფუნქციურად დაკავშირებულია ომარ ქამადაძის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ ობიექტთან. განმცხადებელს მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განესაზღვრა 1500 ლარის ოდენობით.

საკრებულომ საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო და მისი განხილვა საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გეგმის შემოსვლამდე დროებით გადადო.

დღესვე ცვლილება შევიდა მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში. ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №78ბ-ში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 3174,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.26.02.015) აშენებულ „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კორპუსებში არსებული ბინების 1 კვ.მ ფართის თვითღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად განისაზღვრა 1083,0 (ერთიათას ოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით.

ასევე ცვლილება შევიდა „შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის №87 განკარგულებაში, კერძოდ, ვადა გახანგრძლივდა 18 თვით.

საკრებულომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ. N12-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე აკაკი შონიას მემორიალური დაფის განთავსების საკითხს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის ) მიხედვით. მემორიალის განთავსებას თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ოჯახი.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, შეეცვალა თავმჯდომარე, კახაბერ გუჩმანიძე ჩაანაცვლა თამარ გუდავამ. შესაბამისად, მუნიციპალურ გენდერულ თანასწორობის საბჭოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი იქნება თამარ გუდავა, რომელიც ასევე „ბათუმის ქალთა კლუბს“ წარმოადგენდა, ხოლო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ირმა აბულაძე დაემატა ახალ წევრად. საკრებულომ დღესვე დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს განახლებული დებულება და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2542
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები