ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
11 დეკემბერი 2020
 

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა მიულოცა და კანონმდებლებს წარმატებები უსურვა.
დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ლაშა სირაბიძეს კოლეგებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობა მიულოცეს, რომელიც უახლოეს პერიოდში საკრებულოდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებს მოღვაწეობას. ლაშა სირაბიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს და ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას უკვე საკანონმდებლო ორგანოდან დაჰპირდა.
განცხადებების შემდეგ სხდომა დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა. საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ძირითადად COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის დაწესებულ შეღავათებს ეხებოდა.
საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიულ პირები და ინდ. მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა ან სხვ.), შესაბამისად, არ წარმოქმნიან ნარჩენებს.
ასევე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირთათვის საფასური მცირდება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში. შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით.
შეღავათი გავრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება-შეზღუდვებზეც დეკემბერისა და იანვრის განმავლობაში და ამ შემთხვევაში წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდენობა.
აღნიშნული შეღავათების მიღების მიზნით, საჭიროა შესაბამისი შინაარსის განცხადების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 1-ელ მაისამდე.
აგრეთვე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით ვადა გადაიწევს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე. აღნიშნული წესი მოაწესრიგებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელ საკითხებს.
დღესვე, ცვლილება შევიდა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ განკარგულებაში. ცვლილება გულისხმობს ბინების განაწილების კრიტერიუმის განსაზღვრას სულადობის მიხედვით.
შერჩეული ოჯახებისთვის ბინების გადაცემა უნდა მოხდეს შემდეგი წესით: 1 და 2 სულიანი ოჯახისათვის - ერთოთახიანი ბინა, 3 და 4 სულიანი ოჯახისათვის - ოროთახიანი ბინა, ხოლო 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის - სამოთახიანი ბინა. შერჩეულ ოჯახს ხელმისაწვდომი საცხოვრისი გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმებთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისათვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს. ასევე დგინდება, რომ ოჯახს შესაძლებელია გადაეცეს სხვა სულადობისათვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ბინა და ოჯახი სრულად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ოჯახების სულადობისა.
ცვლილება შეეხო, ასევე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტს. კერძოდ, შემოსავლის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულას და ცხრილში, ნაცვლად ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობისა, მნიშვნელობა განისაზღვრება ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის სამმაგი ოდენობით, ცვლილებების მიზანია ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტით განსაზღვრული ბინის გადასახადის ყოველთვიური შენატანის ოდენობის დაზუსტება.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2963
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები