ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები
30 ივნისი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თორმეტი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თამარის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N05.30.20.012-ზე) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში და დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის პირველ აპრილი.

სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ზოგიერთ საკვანძო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობა დარეგულირდება იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საავტომობილო საცობების ალბათობა და მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ დაჩქარებულად მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში ე.წ. “BUS LINE”-ში. დაგეგმილი ცვლილებით, გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საპირისპიროდ კი, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ამავე მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთშიც საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ტბ. აბუსერიძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება. გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი, განთავსდება შუქნიშანი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით; გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებები შემუშავდა მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხაში, რომლის მიხედვითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილებიდან მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული გადატანილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებაში.

დღესვე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს წმინდა სევერიანე აჭარელის სახელი მიენიჭა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების
საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილება.

ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, მხარდაჭრილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სვიშევსკის ქ.№1-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე #05.21.20.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1419,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული პანორამული ბორბალის აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასური მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ვადის 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გახანგრძლივებას.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2415
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები