2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გორგილაძის ქ. №88-ში არსებული 27,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.04.628) გურამ გეწაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. განკარგულების თანახმად, მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 4000,0 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საკრებულოს წევრებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზღვისპირა პარკში რეგისტრირებული 341,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 199,76 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 05.21.02.041) შპს „ამბასადორი ბათუმისათვის“ (ს.კ. 445515719) პირდაპირი განკარგვის წესით უზუფრუქტის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, მათ შორის, კომპანია უზუფრუქტის ფორმით გადაცემულ უძრავ ქონებაზე გაახორციელებს არა ნაკლებ 700 000,0 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას, ხოლო უძრავი ქონების წლიური სარგებლობის საზღაურის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარს გადაიხდის.
საკრებულომ ბათუმის მერს თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N6-ში მდებარე რესტორან „რივიერას“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე არსებულ 478,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.30.37.033) შპს „უტევანისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზეც. განკარგულებით მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 15 000,0 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №20 დადგენილებაში, კერძოდ, შპს ,,ბათუმი რივიერას’ განცხადების საფუძველზე დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში. ცვლილება შეეხო გენგეგმით დადგენილ ფაზა 1,2,3-ით განსაზღვრულ T1, T2, T3 შენობების ფუნქციის ცვლილებას, დასაგეგმარებელი მოცულობის ნაწილში, თავდაპირველად განსაზღვრული საცხოვრებელი ფუნქციის ჩანაცვლებას სასტუმროს ფუნქციით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლითაც ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისათვის საზღაურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №6 განკარგულებაში, კერძოდ, დაწესდა საზღაური მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სარგებლობისათვის და იგი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ა). მიწისქვეშა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს საკომუნიკაციო ჭასაც) განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 1 (ერთი) ლარი; ბ). მიწისზედა I კლასის ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისათვის - ერთ გრძივ მეტრზე 0,40 (ორმოცი თეთრი) ლარი.
საკრებულოს მორიგ სხდომას ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი, თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.