ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები
29 აპრილი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები გაიმართა. საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა მოისმინეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრებს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა. სამსახურის უფროსის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 173,971.5 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ - 177,243.5 ათასი ლარი, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ - 182,496.3 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 172,591.5 ათასი ლარი. ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2019 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს ასევე სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

კომისიების წევრებმა იმსჯელეს დადგენილების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სრულად გათავისუფლებას 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად.
სხდომაზე განიხილეს საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21 ერთეული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მათი სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ საკუთრებაში გადასაცემისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების მშენებლობის მიზნით.
კომისიების წევრებმა იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, დიმიტრი სვიშევსკის ქ. №80-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომლის მიღების მიზანს ბათუმში ლაბორატორიულ-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და განვითარებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომისიებმა ასევე იმსჯელეს განკარგულების პროექტზე „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ , ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების მქონე სუბიექტების საფასურისა და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულე-ბების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილის) დამტკიცების თაობაზე განკარგულების მიღების თაობაზე.

დღესვე სხდომები გამართეს საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიებმა, რომლებზეც კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი - ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 30 აპრილს, დღის 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2126
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები