2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ბათუმში ზურაბ გორგილაძის ბიუსტი განთავსდება. პოეტის ბიუსტი ლუკა ასათიანისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დაიდგმება.
ზურაბ გორგილაძის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში, ბიუსტის განთავსების იდეა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარეს დავით თედორაძეს და შპს „ბათმშენი-2007“ დირექტორს გოჩა ირემაძეს ეკუთვნის, პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსაც შპს „ბათმშენი-2007“ დაფარავს. პროექტის ესკიზი არქიტექტორ ბექა თოიძეს ეკუთვნის, ბიუსტი კი მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ დაამზადა.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმდჯომარემ ირაკლი პატარიძემ გამოიტანა, თანაქალაქელებს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიულოცა და უახლოეს პერიოდში, მისი ინიციატივით ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის განთავსებაც დაანონსა. ირაკლი პატარიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
ზურაბ გორგილაძე დაიბადა 1937 წელს ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში, დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში. 1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად.
1961 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ნედლი სალამური“. ავტორია პოეტური კრებულებისა: „დიდი თვალები“ (1964), „ლირიკული პოემები“ (1969), „ზღვიდან აკრეფილი კენჭები“ (1970), „ლექსები“ (1973), „სინაზე“ (1977), „ლირიკა“ (1979), „მოფერება“ (1984) და სხვ. ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტ. წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ სამი წიგნი. იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.