2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა ქართული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ბათუმელი ფეხბურთელის ანზორ კვაჭაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N57–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის გათავსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა, განათლების კომისიაში შემოსული ის კორესპონდენციები განიხილეს, რომლებიც სხვადასხვა ამხანაგობებისა თუ საინიციატივი ჯგუფების მიერ შევიდა.
ს.ხიმშიაშვილის N 98 და ლერმონტოვის N107 მცხოვრები მოსახლეობა მოითხოვს აღნიშნული ქუჩების კვეთაში გაშენებული სკვერის მიმდებარე პატარა ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭებას, თუმცა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა ანდრიაძის თქმით, შინდისის გმირების სახელი შეიძლება უფრო დიდ ქუჩას დაერქვას, რადგან ეს ძალიან პატარა ქუჩაა და ამავე დროს ლადო ასათიანის ქუჩის გაგრძელებაა, ამიტომაც, მიზანშეწონილი იქნება თუ ამ ქუჩის გაგრძელებას ისევ ასათიანის სახელს მივანიჭებთ.
საკრებულოს ფრაქცია „ბათუმის“ თავჯდომარემ რაულ თავართქილაძემ სხდომაზე, ბათუმის ერთ-ერთი ქუჩისთვის ალექსანდრე დიუმას სახელის მინიჭება ითხოვა, აღნიშნული ინიციატივა, როგორც დეპუტატს უკვე დარეგისტრირებული აქვს. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ კი ქალაქში ახალი ქუჩებისთვის ქალი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელის მინიჭების საკითხი დააყენა.
ქუჩების სახლდებასთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ განაცხადა, რომ მერიისგან უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, იმ ქუჩების შესახებ, რომლებიც ატარებენ ერთსა და იმავე სახელს, რომლებსაც გააჩნიათ ორი სახელწოდება, რომლებსაც არა აქვთ სახელწოდება და ასევე შესახვევებზე და ჩიხებზე, რომლებიც შესაძლებელია მოიაზრებოდეს ქუჩებად. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისიას უკვე შეუძლია შეიკრიბოს უახლოეს სხდომაზე, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველა ეს საკითხი.