2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე შპს „ბათუმი-რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ ვრცლად ისაუბრა პროექტის თაობაზე და დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გიორგი კაპანაძემ პრეზენტაციისას მთავარი აქცენტები პროექტის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაზე, კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ქალაქისთვის პროექტის მნიშვნელობაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე კომპანია თანამედროვე, მაღალი დონის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ სიბრტყეში გადაიყვანს.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებული იქნება ნავმისადგომი იახტებისთვის.
გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ იახტ-კლუბისა და ლაგუნას მეშვეობით გაიზრდება როგორც მაღალი და საშუალო შემოსავლიანი ტურისტული სეგმენტი, ასევე
- აქტიური სეზონის ხანგრძლივობა, კომპლექსის მშენებლობაზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ დასაქმდება 1000-ზე მეტი ადგილობრივი;
აჭარის ბიუჯეტში ქონების გადასახადის შენატანი ყოველწლიურად დაახლოებით $7 მლნ იქნება; ხოლო დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე, კომპანია საშემოსავლოს სახით 3 მლნ ლარს გადაიხდის (ასევე აჭარის ბიუჯეტში); კომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის გამწვანების განვითარებაშიც - კეთილმოეწყობა 2 ჰექტარი მუნიციპალური პარკი, გამწვანდება პოდიუმები და აშენდება შენობები მწვანე ფასადით.
კომპანიის დირექტორმა ისაუბრა ჩატარებულ კვლევებზე, რომლის თაობაზეც განხილვის მონაწილეებმა არაერთი შეკითხვა დასვეს.
„არგუმენტად მოაქვთ თითქოს კონცხზე მშენებლობა სახიფათოა. ამისათვის, დავიქირავეთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია „კოლისელი", რომელიც სხვა მრავალი პროექტის, მათ შორის ვენეციის ძველი პორტის რეაბილიტაციის და ახალი პორტის პროექტირება-მშენებლობაში მონაწილეობდა. ამ კომპანიამ შეისწავლა ზღვის ფსკერი 200 მეტრის რადიუსში ჩვენი ნაკვეთიდან, განსაზღვრა ჩვენი პროექტის მშენებლობის მიზანშეწონილობა არსებულ გეოლოგიურ სინჯებსა და გეოტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და დადო დასკვნა, რომ „ბათუმი-რივიერას“ პროექტის განხორციელება არანაირ რისკებს არ უკავშირდება“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ განხილვის მიმდინარეობისას და დაინტერესებულ მოქალაქეებს კვლევების დეტალური გაცნობა შესთავაზა.
საჯარო განხილვისას პროექტის თაობაზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა, მოქმედმა არქიტექტორებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.
საჯარო განხილვის სრული ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://batumicc.ge/index.php?l=1&menu=6&obj=103