ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აჭარის მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში
19 ივნისი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის მოსმენას დაესწრო. 

ახალი კონსტიტუციის და უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ გაწეული ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში უმაღლეს საბჭოში პირველად წარადგინა.
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თავისი გამოსვლა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენით დაიწყო. ისაუბრა ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაზე, რომელიც უმსხვილესი ევროპული ინვესტიციით შენდება, ასევე ე.წ. „გოროდოკის“ დასახლებაში „განათლების ქალაქისა“ და ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაზე, რისთვისაც მილიონობით ლარი დაიხარჯება. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმისათვის ტურიზმის „ოსკარით“ დაჯილდოებაზე და ბათუმელებს კიდევ ერთხელ მიულოცა ჯილდო, რომელიც თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, თავად მოქალაქეების დამსახურებაა. მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარების, დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და საშუალებებზე.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება რეგიონის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, კერძო საკუთრებისა და შრომითი უფლებების დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირების უზრუნველყოფას, სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას, სოციალური სერვისების დახვეწასა და ხელმისაწვდომობას.
„ერთი წლის განმავლობაში შევძელით არ გვქონოდა არც ერთი გაჩერებული პროექტი, უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ახალი და ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებისთვისაც ერთი მილიარდი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა კონკრეტულ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა რეალიზებაც დაგეგმილია და მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.
„გვაქვს გეგმა, რომ წლის ბოლომდე შევძლოთ მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციის რეალიზება და 2 წელში აჭარაში შევქმნათ 6 000 სამუშაო ადგილი. თითოეული მთავრობის წევრი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ გუნდში საქმიანობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ამ გეგმის შესასრულებლად არის მიმართული”, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2209
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები