2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალურ ღამის თავშესაფარს დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური და თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე, მერის მოადგილესთან, ლელა სურმანიძესთან ერთად სტუმრობდნენ.
საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ თუ რა მდგომარეობაა დროებითი ღამის თავშესაფარში? რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს და შეუძლია თუ არა აღნიშნულ დაწესებულებას პირველადი დახმარების გაწევა პირდაპირ ქუჩიდან შესული ადამიანისთვის?
ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსის, ასლან გელაძის თქმით, თავშესაფარში მისულ ადამინს შეუძლია ისარგებლოს პირველადი სამედიცინო დახმარებით, გათბობით, ცხელი წყლით და ასევე, საკვებით. ამ დროისათვის თავშესაფარში დაახლოებით 50-მდე ბენეფიციარი ათევს ღამეს, თუმცა ბენეფიციართა რაოდენობა ხშირად იცვლება, რადგან აქ ქუჩაში, ღამის გასათევის გარეშე დარჩენილი ადამიანები საპატრულო პოლიციას ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიჰყავს.
საკრებულოს წევრებმა, მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს შენობაში არსებული მდგომარეობა და გაესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორც მათთან საუბრისას გამოიკვეთა, დაწესებულებაში არსებობს გარკვეული პრობლემები და საჭიროებები, რომლის გადაჭრის გზებზეც უახლოეს პერიოდში, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში ერთობლივად იმსჯელებენ და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას გაითვალისწინებენ.