ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს სხდომა
25 აპრილი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. 

საკრებულომ გამოკლებული წევრის ირაკლი მიქელაძის უფლებამონაცვლის - თემურ კახიძის უფლებამოსილება დამსწრეთა სრული მხარდაჭერით სცნო.
საკრებულომ დღესვე მოისმინა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის განცხადებით, ქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა. მისივე ინფორმაციით, 2018 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს, ასევე, სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახების (უსაფრთხოებიდან გამომდინარე) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
დადებითად გადაწყდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების საკითხი. აღნიშნული მარშრუტების დამტკიცების გამო შესაბამისი ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M 2 და M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში.
დღესვე სხდომაზე დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა. საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას.
საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2592
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები