ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ელექტრომობილების მფლობელებთან
29 მარტი 2019
 

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობასა და ელექტრომობილების მფლობელებს შორის დღეს გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ელექტრომობილების მფლობელებმა შეხვედრის გამართვის თაობაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებს რამდენიმე დღის წინ განცხადებით მიმართეს.
შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ ელექტრომობილების მეპატრონეებს ღიად უთხრა, რომ ბულვარში მათი დაბრუნების საკითხი არ განიხილებოდა და ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე კონსულტაციების დაწყება შესთავაზა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. ელექტრომობილების მფლობელები აკრძალვის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ, მანამდე კი გამოსავალს მოძრაობის წესების რეგულირების შემოღებასა და სასეირნო ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებაში ხედავენ. მსგავსი შეთავაზება მიუღებლად მიიჩნიეს როგორც საკრებულოს უმრავლესობამ, ასევე, ბულვარის ადმინისტარციამ, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნოდა.
ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ აკრძალვა საგანგაშო სტატისტიკით იყო გამოწვეული, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბულვარში ელექტროტრანსპორტით მიყენებული სხეულის დაზიანებით 51-მა ადამიანმა მიმართა პოლიციას, მათ შორის, დაშავებულები იყვნენ არასრულწლოვანებიც.
ბულვარის დირექტორის მოსაზრებას, რომ ზღვისპირა პარკში დაუშვებელია მსგავსი სახის ტრანსპორტით გადაადგილება და ასევე შეუძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში ალტერნატიული ინფრასტრუქტურის მოწყობა ელექტრო და სხვა სახის ტრანსპორტისთვის, გაიზიარეს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმაც. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ ელექტრომობილების მფლობელებს შესთავაზა დაეწყოთ საუბარი ისეთი ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც შემდგომში მოეწყობოდა შესაბამისი ინფრასტუქტურა და რომელიც დატანილი იქნებოდა ბათუმის ტურისტულ რუკაზე, მეწარმეებმა საუბრის გაგრძელება აღნიშნულის თაობაზე არ ისურვეს.
ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 5 მარტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. დადგენილება 2019 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2226
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები