ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა
05 მარტი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცამეტ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მოსაზრებას (შუამდგომლობას), რომელიც სხომაზე საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსმა სულიკო შვენთიძემ წარადგინა. საკრებულომ მიიჩნია, რომ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად დაეთანხმა მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების შეცვლის საკითხს ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ეთხოვა შესაბამისი შუამდგომლობის სამთავრობო კომისიისთვის წარდგენა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალა. საკრებულოს შესაბამისი დადგენილება 2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

სხდომაზე დამტკიცდა ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა, ასევე, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების პერსონალური შემადგენლობები, ასევე, მხარდაჭერილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საავტომობილო გზისათვის ქუჩის სტატუსის მინიჭების საკითხი. განკარგულების მიხედვით, ქუჩის სტატუსი მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე არსებული წრიულიდან გიორგი ანწუხელიძის ქუჩამდე არსებულ საავტომობილო გზის მონაკვეთს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმში, 26 მაისის ქ. N12–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ილია (ემელიანე) ჟღენტის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს, ასევე განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო გაფართოვდა და ახალი შემადგენლობით ჩამოყალიბდა.

სხდომაზე ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქ. N21-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დადგენილი სატრანსპორტო ზონა 1, შეიცვლება საზოგადობრივ-საქმიანი ზონა 1-ით. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ნაკვეთები არ წარმოადგენს სატრანსპორტო ზონისთვის შესაფერის მიწის ნაკვეთს მდებარეობისა და რეგისტრაციის მიხედვით, ასევე, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ზონის დადგენამდე შეთანხმებული იყო საპროექტო დოკუმენტაცია და ზონის გამო ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის განვითარება, საკრებულომ დადგენილი ზონის საზოგადობრივ საქმიანი ზონა 1-ით შეცვლა მიზანშეწონილად მიიჩნია.

დღესვე ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში, რომელიც გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროებისათვის პარკირების წესების განსაზღვრას, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ისთვის დასაშვები ობიექტების ჩამონათვალში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეკონსტრუქციის დამატებას, განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის განმეორებით გაზრდის შეზღუდვას, ქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის შეზღუდვას იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ფართობი არ აღემატება 600 კვ/მ-ს და ასევე, განსაზღვრული ფართის მქონე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის დადგენას გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რომელიც გულისხმობს რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.23.04.021) შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადგებით განვითარებას, არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟს და მიწის ნაკვეთზე ახალი თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის, სასტუმროს, სასტუმრო აპარტამენტების, საცურაო აუზების, ლაუნჯების, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების, ტურისტული და სპორტული ობიექტების დაპროექტებას.

საკრებულოს წევრებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალები გადაეცემა სოციალურად დაუცველ, სტიქიით დაზარალებულ და სხვა პირებს.

საკრებულოს სხდომას მერიის სამსახურების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2624
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები