ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის თაობაზე
18 იანვარი 2019
 

 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს კომპანია Wondernet Express-ის წარმომადგენლებმა ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა. 

შეხვედრის დასაწყისში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რომელიც ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უფრო დეტალურად გაეცნო საზოგადოებისთვის პროექტის არსი, მისი უსაფრთხოება, სრული თავსებადობა ბათუმის ტურისტულ პოტენციალთან და მის განვითარებასთან.
საინფორმაციო შეხვედრის გამართვის თაობაზე საუბრისას ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და შავი კამპანია აწარმოონ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ, რომელიც რეალურად მხოლოდ უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალია და საქართველოს როლის გაზრდასა და მისი ისტორიული მისიის შესრულებას ემსახურება.
შეხვედრაზე პორტში დაგეგმილ მშენებლობაზე, პროექტის დეტალებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს კომპანია Wondernet Express-ის დირექტორმა გიორგი ზარიძემ, Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა ჯალოლ ავეზოვმა და „გამა კონსალტინგის“ ექსპერტმა ჯუღელი ახვლედიანმა. კომპანიის დირექტორის გიორგი ზარიძის განცხადებით, კომპანიამ გადაწყვიტა საზოგადოებას, ბათუმელებს საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მიაწოდოს ვრცელი, ამომწურავი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, ასევე კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სარგებელზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტის კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მის სრულ თავსებადობაზე ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, როდესაც ბათუმს აღნიშნული ამერიკული კომპანია tranmo-ს პრეზიდენტი სტუმრობდა.
პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზეირბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ლოჯისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში მილიონ 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტების დაცვით არის ცნობილი. ბათუმში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი ტერმინალი ნაყარი ტვირთების მართვის მიმართულებას მოემსახურება და მისი მოწყობა და ექსპლუატაციის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე აშენდება ნაყარი ტვირთების, კერძოდ, გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ნაყარი ტვირთების ოპერირებას აწარმოებს ტრადიციული ტექნოლოგიით - ნაყარი ტვირთების ტექნოლოგიური პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად ღია სივრცეში, ახალი პროექტით კი ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ესქსპლუატაციის პროექტი ითვალისწინებს სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის საშუალებით ნაყარი ტვირთების მიღება, დასაწყობება და გადატვირთვა მოხდება დახურული ციკლით, რაც შეამცირებს მტვრის ნაწილაკებისა და სხვა ნივთიერებების ჰაერში გაბნევის რისკებს ნაყარი ტვირთის ტრანსპორტირების დროს, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს პროექტში დასაქმებული მომსახურე პერსონალისა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა ხელს შეუწყობს გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და გარემოსთან თავსებადი და არასაზიანო პროცესების დანერგვას.
პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. ასევე ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას.
კომპანია Wondernet Express-ი, რომელიც ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს, წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში.
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის მერიისა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის წამომადგენლების ინიციატივით გაიმართა.

 
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3319
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები