2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებით ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 6,774,6 ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში, 167,924.5 ათასი ლარი შეადგინა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილება პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პროცედურები ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (პეტიციების ნაწილში).
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის საკითხს. დადგენილება, რომლის ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, ითვალისწინებს M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის დამატებითი შეღავათით, მგზავრობის საფასურის 50 %-იანი ფასდაკლებით (0,15 ლარი) სარგებლობას.
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემა, ასევე, დაადგინა ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასური და ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკი¬რების მარეგულირებელი ნორმები, განსაზღვრა ავტომანქანების პარკირების ადგილები და ავტომანქანების პარკირების წესები.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსე¬ბული საპრივა¬ტიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომელსაც დაემატა 16 საპრივატიზებო ობიექტი და ამდენივე პრივატიზების გეგმაში შემავალი ობიექტი (უძრავი ქონება).
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ზღვისპირა პარკში მდებარე 113,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 89,43 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ვასილ ოსეფაიშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. მერს, ასევე, მიეცა თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზღვისპირა ბულვარში („ანბანის კოშკის“ მიმდებარედ) მდებარე 6703,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის - 1183,0 კვ.მ. მიწის, ჯიხურების, მაგიდებისა და სკამების შპს „ბმ გრუპისთვის“, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ეროვნული ნაკრებების ფან-კლუბების მოწყობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით, იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პანორამული ბორბალის აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასური, 161 000 ათასი ლარის ოდენობით და ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა, პანორამული ბორბალის ქირის საწყისი წლიური საფასურის მიხედვით განკარგვისთვის გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გახორციელებაზე.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიღების მიზანია საბოლოოდ დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმა“. აღნიშნულმა გეგმამ სამომავლოდ უნდა უზრუნველყოს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიის, კერძოდ, მწვანე კონცხის განვითარება საკურორტო-სარეკრეაციო მიმართულებით, მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ ბათუმის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.