ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
16 მარტი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე ოცი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, რომლის თანახმადაც შეიცვალა მერიის აქამდე მოქმედი სტრუქტურა და შეიქმნა მერიის ახალი სისტემა. 

დღეიდან ბათუმის მერიაში ცხრა სტრუქტურული ერთეული იქნება - მერიის ადმინისტრაცია, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, შიდა აუდიტის სამსახური.
ამავე დადგენილებით გაუქმდა მერის წარმომადგენლის ინსტიტუტი მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვა ორგანიზაციული ფორმით იქნება ადგილობრივი სერვის ცენტრები, რომლებიც აღჭურვილი იქნება როგორც მერის წარმომადგენლის ფუნქციებით, ისე, მასთან ერთად, სხვა დამატებითი ფუნქციებით, რაც უფრო ეფექტურს გახდის მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას.
აღნიშნული დადგენილებით მერიის სტრუქტურიდან გავიდა კეთილმოწყობის სამსახური და მისი ფუნქციები მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს დაეკისრა, ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები დაექვემდებარა შესაბამის დარგობრივ სამსახურს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური ახალი სტრუქტურული ერთეულის სახით ჩამოყალიბდა, ხოლო, მერიის ერთიან სისტემაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა.
მერიის სტრუქტურის რეორგანიზაციის შედგეად ბათუმის მერიაში შტატით და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 93 ერთეულით შემცირდა, შესაბამისად დაგეგმილია ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობის მაჩვენებლების შემცირება დაახლოებით 878 00 ლარით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, დღეიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სახით იფუნქციონირებს.
ადმინისტრაციის სტრუქტურაში ერთიანდება სულ რვა განყოფილება - სამართლებრივი უზრუნველყოფის, სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების, საქმისწარმოების, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო ინფორმაციის და არქივის, ადამიანური რესურსების მართვის, მატერიალური და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფის, მოქალაქეთა საკითხების განყოფილებები.
საკრებულოს წევრებმა დღესვე „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენდა საპატიო წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით სრულყოფილი და ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტის შედგენა.

დადგენილების მიხედვით „საპატიო ბათუმელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ბათუმში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში და საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე.
„ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ბათუმში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით და მოღვაწეობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე.
„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში.
„საპატიო ბათუმელის“ წოდება პირს მიენიჭება მხოლოდ „ბათუმობის“ დღესასწაულზე, „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება - პირის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ან სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხოლო „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება - წლის ნებისმიერ დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.
საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები, ასევე, საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხები.
დღესვე „ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი უნდა განისაზღვროს პარკომეტრით აღჭურვილი პარკირების საერთო ადგილად და დადგინდეს პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთის მიხედვით 1 საათი - 1(ერთი) ლარი, ყოველი შემდეგი საათი - ერთი ლარი.
საკრებულოს წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხიც განიხილეს.
დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით, ხოლო ძველი ბათუმისა და რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები იცვლება და ნაწილი ტერიტორია ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულისა გადადის რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში.
მორიგ სხდომას ქალაქის მერი, ვიცე მერი, მერის მოადგილე, არასამთარობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2788
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები