ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის სატრანსპორტო სტრატეგია - საჯარო განხილვა
01 მარტი 2018
 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ორგანიზებით ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, მომზადებული დოკუმენტის - „მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის“ ძირითადი მიმართულებები და ბათუმის ურბანული მობილობის კვლევა დამსწრე საზოგადოებას UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქების“ ხელმძღვანელმა ლაშა ნაკაშიძემ და ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჯარაძემ გააცნეს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უნდა გაძვირდეს პარკირების გადასახადი და რატომ უნდა შემცირდეს ქუჩაზე პარკირების ადგილები, სად და როგორი ფორმით შეიძლება განთავსდეს პარკირების ახალი სივრცეები ტურისტებისათვის და ასევე ბათუმის მაცხოვრებელთათვის, რატომ უნდა მიენიჭოს ცენტრალურ ქუჩებზე უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქვეითს და ველომოყვარულს, რა შედეგს მოიტანს შემოთავაზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაცია და მგზავრთა გადასასხდომი ტერმინალების მშენებლობა, სამომავლოდ როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქში ველობილიკების ქსელი, რა უნდა იყოს სატრანსპორტო სისტემის მართვის ერთიანი ცენტრის მთავრი ამოცანები და სხვა სახის რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს ქალაქმა 2030 წლამდე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით და ფეხით გადაადგილება გახდეს მიმზიდველი და დაინერგოს მდგრადი და მწვანე ურბანული გადაადგილების სისტემა.
ლაშა ნაკაშიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკვე მიწოდებული აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტს და უახლოეს მომავალში მოხდება მისი საკრებულოში განხილვა.
დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საჯარო განხილვას ბათუმის საკრებულოს წევრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2956
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები