ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ოცი მნიშვნელოვანი შედეგი ას დღეში - ბათუმის მერის ანგარიში
01 მარტი 2018
 

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საზოგადოებას 100 დღის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის წარდგენას, რომელიც ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, ბათუმის საკრებულოს წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„ქალაქი არის რთული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც შედგება მრავალი ქვესისტემისაგან, თუმცა მთელი ამ სისტემის სირთულის მიუხედავად, ყველაფერი ტრიალებს ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ღერძის გარშემო, ეს ღერძი არის მისი მოქალაქე, ჩვენს შემთხვევაში ვართ ჩვენ, ბათუმელები, თითოეული ჩვენგანი, ამიტომ სწორედ მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება იყო ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ძირითადი ხაზი, მიმართულება, რომლის გატარებასაც მე შევუდექი უფლებამოსილების გახორციელების პირველივე დღიდან, 2017 წლის 13 ნოემბრიდან და დღევანდელი გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტად ერთგული ვრჩები იმ, ჯერ კიდევ მაშინ, დაანონსებული რეფორმებისა და ღონისძიებების, რომლებიც უკვე ნაწილობრივ გატარებულია და კონკრეტული შედეგები გვაქვს, ნაწილი მათგანი კი მიმდინარეობის პროცესშია, რადგან ჯერ მუშაობის მხოლოდ 100 დღეა“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ ანგარიშის წარდგენისას.
ქალაქის მერმა საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას ძირითად მიმართულებად გააცნო. ისაუბრა მისი არჩევიდან 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე, განიხილა თვითმმართველობაში გატარებული სისტემური ცვლილებები, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობის ზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.
ლაშა კომახიძემ საზოგადოებას წარუდგინა ის 20 მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მისი საქმიანობის აღნიშნულ პერიოდში გახორციელდა:
• ბათუმის მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად ქალაქს 2018-2021 წლების განვითარების სტრატეგია და სამუშაო გეგმა აქვს;
• მომზადდა და წარმატებით ხორციელდება ამხანაგობათა საუბნო კავშირების პროგრამა, რაც ამხანაგობებს მერიასთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია ტეკნიკური დავალება და ჩატარდებულია ტენდერი მომსახურების შესყიდვის მიზნით;
• შემუშავდა ბათუმის მერიის ახალი სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის მოდელი;
• მომზადდა განახლებული სტრუქტურული ერთეულების დებულებები და საშტატო ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები;
• ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით დაიწყო ოთხი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია;
• ლიკვიდირებული ორგანიზაციებისა და მერიის ცალკეული სამსახურების ფუნქციების გადანაწილების შედეგად ორი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა;
• განხორციელებული ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი 700 000 ლარით შემცირდა;
• ცვლილებები შევიდა მერიის ავტომანქანებისა და საწვავის განკარგვის წესში, რომლის შედეგად საწვავზე განკუთვნილი წლიური ხარჯი 73 400 ლარით შემცირდა;
• მომზადდა მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის ხელისშემშლელი საკანონმდებლო და სხვა ტიპის ნაკლოვანებათა ანალიზის დოკუმენტი, რომელიც განხილვისა და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის;
• მომზადდა და დამტკიცდა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მერიისა და მისი ორგანიზაციების მოქმედებას საგანგებო სიტუაციების დროს. დოკუმენტი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა მერიის სამსახურების მოქმედებების კოორდინაციისა და შედეგის გაზრდის თვალსაზრისით;
• დაინერგა მოქალაქეებთან მუშაობის ახალი სტანდარტი და დაიგეგმა მომსახურების სერვისცენტრების შექმნა ადმინისტრაციების მიხედვით;
• მომზადდა მერის მრჩეველთა საბჭოს ახალი დებულება;
• მომზადდა მერიის სამსახურების რისკების მართვის დოკუმენტი და შემუშავდა სარეზერვო და საბინაო ფონდების განკარგვის წესები;
• გატარდა ღონისძიებები საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მასზე წვდომის გამარტივების მიზნით;
• შეიქმნა მერიის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის მიზანია ქალაქის ცალკეულ უბნებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილზე მოგვარება. ასევე, შემუშავდა კერძო საკუთრებაში არსებული, მიტოვებული და მოუვლელი ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების წესი;
• გატარდა კონკრეტული ღონისძიებები ქალაქის განაშენიანების რეგულირების მიზნით. მომზადდა პროექტი ბათუმის ისტორიული განაშენიანების განსაკუთრებული ზონისა და მასზე გავრცელებული რეგულაციების შესახებ. საკრებულოში დაიწყო საქმისწარმოება ბათუმში ისტორიული განაშენიანების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების თაობაზე;
• მომზადდა სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება. გარდა ამისა, დაწყებულია მგზავრთა გადასასხდომი ტერმინალებისა და ქალაქის საპარკინგე ზონების მოწყობა. უახლოეს დღეებში კი ქალაქში თანამედროვე საპარკინგე ნაგებობები დაიდგმება;
• მიმდინარეობს ინდუსტრიული ბიზნეს ცენტრის საოპერაციო მოდელის შექმნაზე მუშაობა ბიზნეს სექტორის სტიმულირების მიზნით. ინდუსტრიული ბიზნეს ცენტრის მოწყობისთვის აჭარის მთავრობამ მდ. ჭოროხის გასწვრივ 5 ჰექტარი ტერიტორია გამოყო;
• შესრულდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები;
• ეფექტურად ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით შემუშავებული, ასევე, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამები.
„ჩვენი დღევანდელი ანგარიში შეიცავს ოც მნიშვნელოვან შედეგს ას დღეზე. შესაბამისად, გვაქვს განაცხადი, რომ ყოველი კვირა მერიის მუშობაში იყო ძალიან შედეგიანი ამ ასი დღის განმავლობაში და ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ანგარიშის წარდგენის დასასრულს ქალაქ ბათუმის მერმა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2818
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები