ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
26 დეკემბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. 

საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა რჩება.
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების პროგრამაზე მომავალი წლის ბიუჯეტიდან 74,213,9 ლარია გამოყოფილი, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟის პროგრამას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, საგზაო ინფრასტუქტურის განვითარებასა და საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
მომავალ წელს განათლების სფერო ბიუჯეტიდან 14,844,7 ლარით დაფინანსდება. აღნიშნული თანხები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე გადანაწილდება.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილია 12, 312,9 ლარი, რაც სპორტის განვითარების ხელშეწყობის, მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამებზე გადანაწილდება.
კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით 2,410,7 ლარით დაფინანსდება, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა - 2,120,3 ლარით, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა - 125,8 ლარით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება - 390,2 ლარით.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება და მისი დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით 13, 178,4 ათასი ლარით არის განსაზღვრული. აქედან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს 3,965,1 ლარი მოხმარდება, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებსა და ქვეპროგრამებს - 8, 502,4 ლარი, ხოლო სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებს - 710,9 ათასი ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტში სიახლეს წარმოადგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარების პროგრამა, რომელზეც ბიუჯეტიდან 11,734,2 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხები ქალაქის დაგეგმარებას, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ქალაქის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, მუნიციპალური სერვისების განვითარებასა და სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას მოხმარდება.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 17-მა წევრმა მხარი დაუჭირა.
სხდომას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1125
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები