2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრიფინგი გამართა. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 16 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე 13 ხმით (ხმების მინიმალური ოდენობაა, რაც ბიუჯეტში ცვლილებას ესაჭიროებოდა) მიღებული დადგენილებით ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსადმი“ გამოყოფილი თანხა სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდში“ უნდა გადაირიცხოს.
ნოდარ დუმბაძის თქმით, აღნიშნული 13 ხმიდან, ერთი ხმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, შვებულებაში მყოფ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნოდა. ნოდარ დუმბაძეს მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დიმიტრი დარჩიას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, საკრებულომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა. ნოდარ დუმბაძემ მოუწოდა ქალაქის მერს, არ მოახდინოს თანხის გადარიცხვა, რადგან, უახლოეს მომავალში, ფრაქცია გეგმავს მიმართოს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ნოდარ დუმბაძის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი დარჩიამ. მისი თქმით, მიმდინარე წლის 1 მარტს მას მართლლაც მიეცა კუთვნილი შვებულება, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირს, ანუ, როგორც კომისიის თავმჯდომარეს: „ ჩემი, როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში ყოფნით, მე როგორც საკრებულოს წევრს, არ მიჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება და ჩემი შეუზღუდავი უფლებაა, დავესწრო საკრებულოს სხდომას და მონაწილეობა მივიღო კენჭისყრის პროცესში“.
საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან კინწურაშვილის განცხადებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, კერძოდ, ესაა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით საკრებულოს წევრისათვის პატიმრობის ან ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერების სხვა საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ანუ, შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრს არ უჩერდება უფლებამოსილება. გარდა ამისა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს წევრებთან მიმართებაში არ ვრცელდება შვებულების, მათ შორის შვებულების დროს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მარეგულირებელი ნორმები“. ლევან კინწურაშვილის განცხადებით, დიმიტრი დარჩიას არ დაურღვევია კანონი და მისი მონაწილეობა სხდომის მიმდინარეობის პროცესში აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო.