ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა
16 მარტი 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც გახორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 გადასახდელების  ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. კერძოდ, ცვლილებები შევიდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის  და საპროექტო -სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პროგრამებში, ასევე, გახორციელდა ქვეპროგრამების  დროითი გეგმის ცვლილება კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერისა და მემორიალების პროექტების შედგენის პროგრამებში. რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსების საკითხს, ამ თემაზე - ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე -  საკრებულოს სხდომაზე სპეციალურად მოწვეულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ პრეზენტაცია გამართეს. სხდომაზე, ასევე, მოწვეული იყვნენ ბათუმის „დინამოს“  მწვრთვნელი ოთარ ფედიჩკინი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე.  მსჯელობისა და ცხარე  კამათის შემდეგ საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს და მათ შორის, ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსების საკითხს.
საკრებულოს    წევრებმა თანხმობა მისცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთების (2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით) უსასყიდლო  უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარისთვის“ სარგებლობაში გადაცემის საკითხზე. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის პლაჟების საზაფხულო სეზონისთვის მომზადებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზებას.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში დავით კლდიაშვილის ქ. N10-ში მდებარე სახლზე პეტრე ბრეუსის მემორიალური დაფა განთავსდება. პეტრე ბრეუსს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, საწყლოსნო სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ამ ღვაწლის დაფასების გამოხატულებაა ის ფაქტიც, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის იმართება საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში პეტრე ბრეუსის თასზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად გახორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში, ასევე,  დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, რომელიც ჩამოყალიბდა ახლებურად, საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებით უფლებით გადაცემის შესახებ 2015 წლის 25 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილებების გახორციელებას. ცვლილების მიხედვით, შპს „ვესტინვესტმა“, რომელსაც პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში, გარკვეული პირობებით,  გადაეცემა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დააზუსტა საინვესტიციო წინადადებები და მათი შესრულების გრაფიკი. შპს „ვესტინვესტი“ იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ტერიტორიაზე განახორციელოს 25 მილიონი ლარის ინვესტიცია.
საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 31 აგვისტოს N75 განკარგულების  ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა.
საკრებულოს სხდომას ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი,  ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6080
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები