ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
29 სექტემბერი 2015
 

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრის გელა გვარიშვილის პირადი განცხადება - უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, საკრებულომ  ცნობად მიიღო. საკრებულოს  წევრობის ახალი კანდიდატის ვინაობა „პატრიოტთა ალიანსიდან“ დაახლოებით ორი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.

საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტების უმრავლესობა ითვალისწინებდა საკრებულოს სამართლებრივი აქტების თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნული გამოიწვია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ 2015 წლის 22 ივლისს შეტანილმა  ცალკეულმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც, საკრებულო ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს მის მიერ ადრე მიღებული ნორმატიული აქტები.  

საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საკრებულოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიდან ამოღებულ იქნა  საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის შტატის დამატების საკითხი. ასევე, საკრებულომ მხარი არ დაუჭირა საკონსულტაციო (სათათბირო) ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საკრებულოდან მერიის სისტემაში გადასვლას.  

დღეიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საკრებულოს თავმჯდომარე დაამტკიცებს, ხოლო ბათუმის მერიის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს - ქ. ბათუმის მერი.

ცვლილებების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესა და ქ. ბათუმის მერს შესაბამისად მიენიჭათ უფლებამოსილება ბრძანების საფუძველზე დაამტკიცონ შესყიდვების წლიური გეგმა. ასევევ, ცალსახად დაზუსტდა  და აისახა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დამფუძნებლის/პარტნიორის/აქციონერის, გარკვეული უფლებამოსილებები.

საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტს. 

საკრებულომ დღესვე  ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზ. გამსახურდიას ქ.N6-ში მდებარე 65,50 კვმ ფართი უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით, სარგებლობაში გადასცა. 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7245
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები