2025 წლის 30 მაისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით. გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის II ფაზის ფარგლებში გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობით, რომლის განხორციელებისთვის საჭირო გახდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ტერიტორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, რომლის მიხედვითაც, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატა 8 ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას - 12 ობიექტი.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ.N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ბათუმელი რეჟისორის, ტელეწამყვანის, ფოტოგრაფისა და „ბიაფის“ ხელმძღვანელის გიორგი გოგიბერიძის მემორიალური დაფა განთავსდება.
გიორგი (გოგა) გოგიბერიძის სახელი ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელებას უკავშირდება. 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა „ხელოვანთა სახლ არგანს“. გახლდათ საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის - ,,ბიაფის“ დამაარსებელი და დირექტორი. წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში უძღვებოდა საავტორო გადაცემას ,,თეთრი კვადრატი“, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს. გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.