2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაზე ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 54 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული ასიგნებიდან 44 მილიონი ლარი ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის: გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობას; საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ მშენებლობას; გარე განათების ქსელის განვითარებასა და მოვლა-პატრონობას; საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს; მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას; სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას; ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; ა(ა)იპ -ბათუმის სასაფლაოებს; ა(ა)იპ - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, კვლევასა და ექსპერტიზას; საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფას; ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას; პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობას; ქალაქის გამწვანების ღონისძიებებს.
სხდომაზე ასევე განიხილეს: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის დადგენის საკითხი; ქალაქ ბათუმში რამდენიმე მისამართზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმებისა და დეტალური გეგმის კონცეფციების დამტკიცების საკითხები; მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) ნაწილში რეგლამენტის ტექსტის დაზუსტების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი და სხვა საკითხები.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე Mindia Goguadze / მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დეტალურად, განმარტებით ბარათებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=1903