2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით იზრდება.
პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ხორციელდება მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
განათლების მიმართულებით, რომელიც ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, დაფინანსება ეზრდება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას, სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაახლებისა და 17 სპეცმასწავლებლის ასისტენტის დამატებიდან გამომდინარე. საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის მიზნით იზრდება ოთხი საბავშვო ბაღის 2024 წლიდან გარდამავალი ღონისძიებების დაფინანსება, საბავშვო ბაღის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯებთან ერთად;
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იზრდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციის, ეზოს ფეხბურთის, საპლაჟო და ფუსტალის დაფინანსება, ემატება ახალი ღონისძიებებიც, მათ შორის, ქვიშის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს ჩემპიონატი მოძრავ სამიზნე სროლაში, ელექტრო სკუტერების ღია ფესტივალი და სხვა;
ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იზრდება დაფინანსება მომართვიანობიდან გამომდინარე;
დაფინანსება ეზრდება საჭადრაკო კლუბ ,,ნონას“ საჭადრაკო საათების შეძენის და ადგილზე სპორტული ღონისძიების ჩატარებისა და ორგანიზების მიზნით;
ბათუმის სპორტული ცენტრის დაფინანსება იზრდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების, სანიჩბოსნო სპორტის სექციის განვითარების ხელშეწყობის, ფიგურული ციგურაობის სექციის განვითარების, ქართული ჭიდაობის სექციის განვითარების ხელშეწყობის, ქალთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ქალაქის რვა მისამართზე დაფინანსდება მინი სპორტული მოედნების, სპორტული ტრენაჟორების რეაბილიტაცია-მოწყობის და ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობის ხარჯები;
კულტურული ღონისძიებების მართვის მიმართულებით, იზრდება დაფინანსება მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაახლების მიზნით;
იზრდება ფესტივალების მხარდაჭერის პროგრამის ასიგნება მომართვიანობის ზრდიდან გამომდინარე, ასევე ახალი ღონისძიება ემატება ფოლკლორის ხელშეწყობის მიმართულებით;
აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში იგეგმება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების მიმართულებით ემატება 2024 წლიდან გარდამავალი ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია-გამაგრება, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის სახლის სარესტავრაციო სამუშაოები.
კომისიამ ასევე განიხილა ,,აჭარის ღვაწლმოსილ მუშაკთა პატივმიგებისა და მადლიერების საზოგადოების“ თავმჯდომარის კორესპონდენცია, ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის და მისი შეცვლილი სახელ-გვარით ძეგლის განთავსების თაობაზე.
სხდომაზე განხილული საკითხებიდან, საკრებულოს წევრებმა მხოლოდ საბიუჯეტო ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე Natalia Dzidziguri / ნატალია ძიძიგური უძღვებოდა.