2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 54 მილიონი ლარით იზრდება.
ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი შესაბამისი ცვლილებები საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე განიხილეს.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის 2025 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხორციელდება მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში. როგორც მომხსენებელმა სხდომაზე აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას პრიორიტეტულ სფეროებზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
კომისიამ ასევე განიხილა „ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
პროექტის მიხედვით, ცვლილების შეტანა განაპირობა საკრებულოს მიერ დამტკიცებული ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის მოქმედების პერიოდში გამოკვეთილმა რიგმა საკითხებმა, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს დამატებითი პირობების განსაზღვრას. შესაბამისად, განკარგულების პუნქტებით დამტკიცებული დანართი 1 და დანართი 2 განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდება.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას კორექტირების შემდეგ დაემატა ექვსი ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას - ერთი ობიექტი.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N51 -ში, მე-2 სართულზე მდებარე N5 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. აღნიშნული ფართის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე გადაცემა ხორციელდება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
სხდომაზე განიხილეს საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გაცემასთან და გაცემის საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი, ასევე - საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული პანორამული ბორბალი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრას ითვალისწინებს, შემდგომი განკარგვის მიზნით.
სხდომაზე განხილული საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.