2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ დაადგინა ქალაქ ბათუმში სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. აღნიშნული დადგენილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი“, რომლის შესაბამისადაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები, ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, დაადგინონ მიწის ნორმატიული ფასი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
საკრებულომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ნაწილის, კერძოდ, პირველი მუხლის 1(პრიმა) და მე-2 პუნქტების მოქმედება. დადგენილების აღნიშნული ნაწილის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ამ ვადის პერიოდში ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებული იქნება ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტით (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერით) მოძრაობა.
საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი სატრანსპორტო საშუალება და სათადარიგო ნაწილები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის, კერძოდ, შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თამარ მეფის გამზირი N54-ში, მე-2 სართულზე მდებარე N13 ბინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული ფართის გადაცემა განხორციელდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად, რაც არსებული უძრავი ქონების იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, ცვლილება შეიტანა, ბათუმის მერიის ქვეპროგრამის - „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის’’ ფარგლებში, ფესტივალების დაფინანსების წესშიც.
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში. კერძოდ, ქალაქ ბათუმში, ავგიის I ჩიხი N8-ში მდებარე მიწის საპროექტო ნაკვეთზე, სადაც შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსის’’ მიერ ხორციელდება საცხოვრებელი კომლექსის მშენებლობა, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, აგრეთვე ავტოსადგომების და გამწვანების ადგილების მოწყობა, იგეგმება კოტეჯების ჩანაცვლება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით. შენობების სართულიანობა მცირდება 13-დან 9 სართულამდე. უცვლელად რჩება დამტკიცებული განაშენიანების კოეფიციენტები. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. N1-ში, N1ა-ში, N1ზ-ში, N1გ-ში, N1-ის მიმდებარედ და გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „კომუნა ჰოლდინგის“ მიერ დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების (ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები) დემონტაჟი და მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც საცხოვრებელი ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ასევე დაგეგმილია შიდა გზების, გამწვანების, ღია ავტოსადგომების და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
ასევე დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა N37, N37ა, 37/39, N35დ-სა და საზოგადოებრივი სივრცის ნაწილზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ჰოლანდიური სახლი ბათუმს“ დაგეგმილი აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელშიც ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. დაგეგმილია შიდა გზების და გამწვანების მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N25 განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკა (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) განაშენიანების მართვის რეგლამენტი ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით.