2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმში სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის საკითხი. აღნიშნული დადგენილების მიღებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი“, რომლის შესაბამისადაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები, ვალდებულია არიან წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, დაადგინონ მიწის ნორმატიული ფასი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სათადარიგო ნაწილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ორი ავტობუსისა და სათადარიგო ნაწილების საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება, შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის, კერძოდ, შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თამარ მეფის გამზირი N54-ში, მე-2 სართულზე მდებარე N13 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. აღნიშნული ფართის გადაცემა ხორციელდება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად, რაც არსებული უძრავი ქონების იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, ასევე იმსჯელეს სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
ერთადერთი საკითხი, რომელიც კომისიამ დღის წესრიგიდან ამოიღო დამატებითი შესწავლის მიზნით, გახლდათ საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.