2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკა (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების ახალი რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) განაშენიანების მართვის რეგლამენტი განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდება.
კომისიამ ასევე განიხილა დადგენილების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ავგიის I ჩიხი N8-ში მდებარე მიწის საპროექტო ნაკვეთზე, სადაც შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსის’’ მიერ ხორციელდება საცხოვრებელი კომლექსის მშენებლობა, მათში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, აგრეთვე ავტოსადგომების და გამწვანების ადგილების მოწყობა, იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. შენობების სართულიანობა მცირდება 13-დან 9 სართულამდე. უცვლელად რჩება დამტკიცებული განაშენიანების კოეფიციენტები. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტისთვის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების გადაცემა ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება.
სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. N1; N1ა-ში; N1ზ-ში; N1გ-ში; N1-ს მიმდებარედ და გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხზეც. პროექტის მიხედვით, შპს „კომუნა ჰოლდინგის“ მიერ დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების (ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები) დემონტაჟი და მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც საცხოვრებელი ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ასევე დაგეგმილია შიდა გზების, გამწვანების, ღია ავტოსადგომების და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმში, ალ. პუშკინის ქუჩა N37, N37ა, 37/39, 35დ-ში და საზოგადოებრივი სივრცის ნაწილზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხიც. დადგენილების პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ჰოლანდიური სახლი ბათუმს“ დაგეგმილი აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელშიც ბინების გარდა, განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. დაგეგმილია შიდა გზების და გამწვანების მოწყობა. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრულია 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართების გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 28 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.