ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომ
22 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობა არ იცვლება, ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებში/ქვეპროგრამებში;
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილების შეტანის საკითხი. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სარეზერვო ფონდის მოქმედი წესით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, განხორციელდება ისეთი ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, მათ შორის: ღონისძიებები, რომელთა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს; გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს. ამასთანავე, ამავე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში იზრდება დაზარალებულ ოჯახებზე მიყენებული ზიანის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებს ზემოთ მიყენებული ზიანის შემთხვევაში, დახმარების საკითხი განსახილველად გადაეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას;
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ, იზრდება თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად;
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. ცვლილების მიხედვით, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის, წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში და სპორტის დარგში გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთის მოქმედების ვადა გაგრაგრძელება 2027 წლის 1 იანვრამდე;
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამულ ღონისძიებაში ცვლილების შეტანის საკითხზე, რაც 2023 წლის 30 მარტის Nგ-15.15230895 განკარგულებით დამტკიცებული დანართის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას ითვალისწინებს;
ცვლილების შეტანა იგეგმება საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებით დამტკიცებულ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაშიც. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა იმ ოჯახებს, რომელთა უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი 2018 წლამდე რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში;
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის საკითხი. კერძოდ, იზრდება თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად;
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 25 ერთეულიდან 28 ერთეულამდე იზრდება;
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 24
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები