ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,ბათუმობაა"
29 აპრილი 2023
 

დღეს ,,ბათუმობაა", ჩვენი ქალაქის განსაკუთრებული და გამორჩეული სახალხო დღესასწაული.
წლევანდელი ,,ბათუმობა“ იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი აღნიშვნა ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 135 წლისთავს ეძღვნება.
135 წლის წინ, 1888 წლის 28 აპრილს, ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ ფაქტს საფუძვლად დაედო 1885 წელს კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსისადმი 90 ბათუმელის წერილობითი მიმართვა სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმავე წლის 2 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარდა ქალაქის სათათბიროს (საბჭოს) ხმოსანთა არჩევნები, სადაც აირჩიეს 36 ხმოსანი და დაკომპლექტდა ქალაქის გამგეობა ოთხი წლის ვადით.
დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს, განსაკუთრებით ბათუმზე მზრუნველ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ყოვედღიურ რეჟიმში ემსახურებიან ქალაქის განვითარებას და კეთილდღეობას.
ბათუმი არის ქალაქი, რომელიც გულუხვი მასპინძელია, აქ სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღიაა, სუფრა – ყოველთვის გაშლილი, ღვინო და ჭაჭა – გადანახული, ცეკვა და სიმღერა კი - აქაური ყოფის განუყოფელი ნაწილი. არაფერს ვამბობ იმ განუმეორებელ მდებარეობაზე, რომელიც მას მთელი შავი ზღვის რეგიონში როგორც ერთ-ერთ ტურისტულ ქალაქს გამოარჩევს, თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით.
დღეს ბათუმი საქართველოს ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება ცნობილი მუსიკოსებისა და ხელოვანების მონაწილეობით.
ბათუმი ცნობილია თავისი კომუნიკაციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით, გამორჩეული თანამედროვე არქიტექტურითა და ინვესტიციების სიმრავლით.
დღეს, საქართველოს საზღვაო ჭიშკრად წოდებული ჩვენი ქალაქი ნამდვილად ამართლებს თავის ისტორიულ წარსულს და თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.
კიდევ ერთხელ, ყველა ბათუმელსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს, გულითადად გილოცავთ ,,ბათუმობას“ , მშვიდობას, წარმატებას, განვითარებასა და კეთილდღეობას გისურვებთ!!!!
რამაზ ჯინჭარაძე
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 649
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები