ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
31 ოქტომბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები – მორიგი სხდომა.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 1,500.0 ათასი ლარით გაიზარდა. მიღებული ცვლილებით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შევიდა ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, გაიზარდა თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-9 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში, ასევე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის ზრდა.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, კერძოდ: განკარგულების მიხედვით, იგეგმება რუსთაველის ქ. N21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბარაკული ტიპის ამორტიზირებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა, მაცხოვრებელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - ზღვისპირა პარკის მიმდებარედ არაესთეტიკური უსახური ობიექტების თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობით ჩანაცვლება.
საკრებულომ დაამტკიცა ფრიდონ ხალვაშის ქ. N88-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაც. პროექტის მიხედვით, ინიციატორის მიერ, დასახელებული მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, მოთხოვნილია დადგენილი კ2 მაჩვენებლის გადამეტება, რაც წარმოადგენს საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს.
საკრებულომ დაამტკიცდა ველოგადაადგილების გენერალური გეგმა, რომელიც რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ითვალისწინებს ინტეგრირებული მიდგომების დანერგვას ბათუმის ველომეგობრულ ქალაქად ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის (SUMP) განხორციელებას.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ ფარგლებში გრანტის მიღებასა და ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამოცხადებულ „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ კონკურსში 200 000 (ორასი ათასი) ევრომდე მოპოვებული გრანტის მიღებასა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა "ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" პირობებში. დღემდე აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის ორგანიზება ხორციელდება კონტრაქტორი კომპანიის "მეტრო სერვის+"-ის მიერ, ამასთანავე, ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის და მისი შვილობილი კომპანიის "მეტრო სერვის +"-ის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მეშვეობით. სისტემის გაუმჯობესების მიზნით ინერგება ახალი საგადახდე სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით (VISA, MASTERCARD) მგზავრობისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდას. ასევე ხორციელდება ავტობუსებში ვალიდატორების განახლება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.
ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებშიც.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, რომელიც დეტალურად მოიცავს უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და პირობებს.
საკრებულომ დააკმაყოფილა ა(ა)იპ ,,ასოციაცია ,,პარტიას“ თავმჯდომარის ოლღა ჟღენტის განაცხადი ქ. ბათუმში ნ. დუმბაძის N3–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არქიტექტორ კახა ჯავახიშვილის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
საკრებულომ თნხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს გაეროს ბავშვთა ფონდისგან გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობისთვის შუამდგომლობის წარდგენასა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ბათუმის მერიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მითითებული თანაშრომლობის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილობრივი მოწყვლადი და უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად იგეგმება გრანტის სახით, კერძოდ, 3696 ბავშვისთვის ჯამში 868 560,0 ლარის გადაცემა, თითოეულ ბავშვზე 235,0 ლარის ოდენობით. ამ დახმარების გაცემას UNICEF-ი გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე, ვინაიდან მისი მიზანია ზამთრის მოახლოვებასთან დაკავშირებული სირთულეების, სეზონზე ოჯახების გაზრდილი საჭიროებების დაკმაყოფილება.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ბათუმში, ინასარიძის N1 და N3 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული 38,0 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ვადის განმავლობაში სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარგებლობის საფასურის სახით ყოველწლიურად განხორციელდება 3370,0 ლარის შეტანა.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ფართები, ბინები). კერძოდ, აღნიშნული ღონისძიება ეფუძნებოდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 13 (ცამეტი) ერთეული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების/ფართების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემის მიზნით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1099
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები