ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2022 წლის 12 აპრილს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული დღევანდელი საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომას არ დაესწრნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრის, „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძისა და „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის აკაკი გვიანიძის სხდომაზე გამოცხადება კვორუმის შესადგენად და სხდომის გასახსნელად არასაკმარისი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბათუმის საკრებულო ვერ შეიკრიბა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულოს აპარატს 16 დეკემბერს მიმართა. სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.
35-წევრიან ბათუმის საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 34 საკრებულოს წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად, სხდომის გასახსნელად მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო.