ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს გადაწყვეტილებები
17 ნოემბერი 2021
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.
საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. კერძოდ, დამტკიცებული განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 05 თვის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთები. განკარგულების მიღების მიზანს წარმოადგენდა ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში მიღების საკითხში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ხელშეწყობა.
საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინები/ფართები), შემდგომში იქ მცხოვრები ოჯახებისათვის პირდაპირი წესით საკუთრებაში გადასაცემად. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 29 ოქტომბრის N5036/02 (N07-1421302348-14) წერილის მიხედვით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 24 სექტემბრის N05/3075 კორესპონდენციით დაისვა საკითხი სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების, იქ მცხოვრები ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის 6 ოქტომბრის N01-01-10/3893 კორესპონდენციით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მუნიციპალურ საკუთრებად აღრიცხვისათვის საჭირო აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე, შემდგომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა 08 (რვა) ბინა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში, შემდგოში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში მდებარე, უძრავი ქონება (ბინები), შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემის მიზნით. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ეყრდნობოდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ მიერ ამ საკითხზე შემუშავებულ რეკომენდაციას.
საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ტბეთის ქუჩაზე, ბათუმის N31-ე საფოსტო განყოფილების მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (5111,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით: 1468,90; საკადასტრო კოდი: N05.30.24.001)), ა(ა)იპ ,,ქ. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ასევე ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
საკრებულომ დაამტკიცა ორი ერთი და იმავე შინაარსის განკარგულების პროექტი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ხინიკაძის ქუჩა N4-ში მდებარე, უძრავი ქონებების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“. ორივე განკარგულება მიღებულ იქნა „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად. მიღებულ განკარგულებათა მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ხინიკაძის ქუჩა N4-ში მდებარე, უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ბინები/ფართები) საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემის მიზნით.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2021 წლის 16 სექტემბრის N19 დადგენილებაში. ცვლილება გახორციელდა შპს „გონიო 2020’’-ის (ს/N445569698) განცხადების საფუძველზე. აღნიშნული საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება საკურორტო ზონას და წარმოადგენს შერეული ზონის (შზ-4) ქვეზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და წარმოადგენს ნაშენ ტერიტორიას. საპროექტო გადაწყვეტით, დაგეგმილია ტერიტორიის ძირითადი ნაწილის დატვირთვა საცხოვრებელი შზ-4 ზონით და სატრანსპორტო ტერიტორიებით. არსებული მიწის ნაკვეთების ( ს. კ. 05.36.24.827, 05.36.24.828, 05.36.24.608 და 05.36.24.805 ) განვითარების მიზანია დაბალი ინტენსივობის სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობა. ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. საპროექტო დავალების შესაბამისად, ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების სანაცვლოდ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია 4825,0 კვ.მ ფართის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე განსაზღვრულია ა.ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მითითებულ ადგილას საკუთარი ხარჯებით 25 ადგილიანი ღია ავტოსადგომის მოწყობა არა უმეტეს 500 კვ.მ ტერიტორიაზე.
საკრებულომ დღესვე ცვლილებები შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის 05 მარტის N21 განკარგულებაშიც. საპროექტო ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს განმცხადებლის შპს ,,ალიანს სიტის“ საკუთრებას, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რითაც განსაზღვრულია მშენებლობის პარამეტრები. მიღებული განკარგულებით განხორციელდა აღნიშნული პარამეტრების ცვლილება.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება განხორციელდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აპრილის N39 დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილება დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში განხორციელდა დაინტერესებული პირის - შპს ,,მწვანე კონცხი-ბოტანიკოს“ მოთხოვნით, რაც საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას გულისხმობს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 152
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები